რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის შეფასებით, საქართველოში რძის წარმოების სექტორში კადრების დეფიციტია, რადგან ახალგაზრდა თაობას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აღნიშნული მიმართულებით მუშაობა არ სურს.როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიული კოლეჯების გაძლიერება და მათი რესურსების ეფექტიანი გამოყენება.”გარკვეული სახის ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში – იმ ქვეყნებშიც, რომლებიც რძესა და რძის პროდუქტებს აწარმოებენ. კერძოდ, ახალგაზრდა თაობას ფერმაში მუშაობა დიდად არ სურს. ამასთან, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, გაცილებით მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არსებობს, რის გამოც სექტორში კადრების დეფიციტია. მეორე მხრივ, აუცილებელია ცოდნისა და განათლების დონის ამაღლება.მნიშვნელოვანია პროფესიული კოლეჯების გაძლიერება და მათი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, რათა სტუდენტები აღნიშნულ სფეროში მოვიზიდოთ და ქვეყნისთვის მეტი კვალიფიციური კადრი მოვამზადოთ. თანამედროვე ცოდნის გარეშე მსოფლიო ტემპისთვის ფეხის აწყობა ძალიან რთულია. ეს კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს. ამიტომ აუცილებელია სამინისტროსა და ყველა ჩართული მხარის ერთობლივი მუშაობა, რათა ეფექტური შედეგი მივიღოთ”, – აცხადებს კახა კონიაშვილი.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“


