კახა გოგოლაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის ინტერესია ამერიკას შეეჯიბროს, დაანახოს: „თუ საქართველოში ინტერესების გატარება გინდა, შემიძლია ფეხი დაგიდო, თბილისი მე მემორჩილება“

ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არანაირი ხელშეკრულება არ არის, წერილების გაცვლა-გამოცვლაა. სიმბოლურ ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ მისი შინაარსი არ არის გაწერილი, – ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის განმარტებით, საქართველოსთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ჩინელებმა გადაწყვიტეს და „ქართულმა ოცნებამ“ უარი ვერ უთხრა.

მისივე თქმით, ჩინეთის ინტერესი ჩვენს შემთხვევაში ის არის, რომ ამერიკას შეეჯიბროს, დაანახოს – „თუ შენ საქართველოში გინდა ინტერესების გატარება, იცოდე, რომ საქართველო მემორჩილება“.

„კი გაქვს სტატუსი [ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის], მაგრამ ნუ გგონია, რომ ამ სტატუსის გამო ჩინეთი აგიშენებს აქ ჰესებს, ეს აბსოლუტურად არ არის სწორი. ეს არის მეტად სიმბოლური, ვიდრე რეალისტური და არანაირი სტაბილურობა ამ სტატუსს არ მოჰყვება. შეიძლება დღეს მოგანიჭონ სტატუსი და ხვალ შეამცირონ შენთან თანამშრომლობა ნებისმიერი მიმართულებით. თუ რაღაცას მოსთხოვ, ამას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. არანაირი ხელშეკრულება ეს არ არის, წერილების გაცვლა გამოცვლაა. სიმბოლურ ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ მისი შინაარსი არ არის გაწერილი.

ჩვენ მივდივართ ჩინური დღის წესრიგით, ეს ჩინელებმა გადაწყვიტეს. შეიძლება ძალიან უნდოდათ, რომ -სთან არ გაერთულებინათ ურთიერთობა, მაგრამ ჩინელებმა გადაწყვიტეს, ჩინელები ჰკარნახობენ საქართველოს თავის დღის წესრიგს. უარს ვერ ეტყოდნენ, რა თქმა უნდა. ასეთი სტატუსები ჩინეთს მინიჭებული აქვს ასზე მეტი სახელმწიფოსთვის, მათ შორის გერმანიისთვის, იტალიისთვის და ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვის. ჩინეთის ინტერესი ჩვენს შემთხვევაში ის არის, რომ ამერიკას შეეჯიბროს, დაანახოს, რომ თუ შენ საქართველოში გინდა ინტერესების გატარება, იცოდე, რომ მე აქ შემიძლია ფეხი დაგიდო, აი, საქართველო მე მემორჩილება“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება ბრიუსელში ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრას სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, კახა გოგოლაშვილის განცხადებით – „ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალურია“.

„უკვე შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა, ეს დიალოგი უნდა შედეგს. დიალოგის მიზანია, რომ თუ რაღაც შეჩერებულია, დიალოგის შედეგად ქვეყანამ აჩვენოს ხარვეზების გამოსწორება და შემდეგ მოუხსნას ეს შეზღუდვა. 12 თვით შეჩერდა და ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა უნდა ჩატარდეს და საბოლოო ჯამში ევროკომისია დაასკვნის, გააგრძელონ ეს შეჩერება თუ არა. ამ დიალოგის დროს რა თქმა უნდა, განიხილება ისეთი საკითხები, რომელმაც შეიძლება წამოჭრას საერთოდ მთლიანად უვიზო რეჟიმის შეჩერება მოსახლეობისთვის. ასეთი მიმართულებით საუბარს, მე უფრო სექტემბრის შემდეგ მოველი, როდესაც განხილული იქნება ყველა ქვეყნის ანგარიშები“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.