საქართველოს დიპლომატიური მისიების წლის შემაჯამებელი შეკრება ელჩების კონფერენცია 2023 – რა უთხრა ელჩებს პრემიერ-მინისტრმა

საგარეო მისიებიდან პირდაპირ საშინაო შეკრებაზე – თბილისმა მთელი დიპლომატიური კორპუსი შეკრიბა. ელჩები, რომლებიც საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მუშაობენ, დღეს ერთ დარბაზში აღმოჩნდნენ. გაწეული შრომისთვის ცენტრალური ხელისუფლებისგან მადლობა პირადად მიიღეს. ყურადღების ცენტრში ევროპაში მივლენილი ელჩები ბუნებრივად მოექცნენ. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მათ რთულ გზაზე დადებული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა. “ეს მიღწევა თქვენ გარეშე არ იქნებოდა” – უთხრა სახლში დაბრუნებულ დიპლომატებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ ტურბულენტურ გზაზე, მუდმივი გეოპოლიტიკური რყევებისა და წესების გადათამაშების პირობებში, საქართველოს მთავარი ორიენტირი უცვლელია. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უპირველესი პრიორიტეტი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობაა.
ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ახალი შესაძლებლობები გაუხსნა – უკვე მიღწეულია. ახლა მოდუნების დრო არაა. როგორც სამთავრობო, ისე საკანონმდებლო დონეზე, ახლა ქვეყნის მთავარი ამოცანა ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის მზადებაა. ერთგვარი სტრატეგიული მზადყოფნის მიღწევა, რათა შესაძლებლობის ფანჯრის გახსნისთანავე პროცესები დინამიკურად განვითარდეს და წარმატებითაც დასრულდეს. ევროპულ გზაზე წინსვლა კი, თავის მხრივ, საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯიცაა – ასე ფიქრობენ ხელისუფლებაში.
საკანონმდებლო ორგანოში 2024 წელი რომ აქტიური იქნება, უკვე იგრძნობა და – არა მხოლოდ თბილისში. ბრიუსელის განწყობებშიც იკითხება, რომ ახლა ბრიუსელის მთავარი აქცენტი სწორედ ევროკავშირთან საკანონმდებლო თავსებადობაზე იქნება. ევროკომისრებმა ქვეყანას მიღებული სტატუსი ელჩების კონფერენციაზეც მიულოცეს და ხაზი გაუსვეს, რომ მოუთმენლად ელიან თბილისთან მუშაობის ახალ ეტაპზე გადაყვანას.
კანდიდატის სტატუსი შესაძლოა საქართველოსთვის მთავარი მიღწევაა, თუმცა არა ერთადერთი. წლევანდელი წლის ანგარიშზეა გაძლიერებული პარტნიორული ურთიერთობები ძველ და ახალ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე, საქართველოსთვის უფრო მეტად გამოკვეთილი რეგიონული როლი, იქნება ეს სამშვიდობო ხაზით თუ – ენერგეტიკულით.
საქართველოს დიპლომატიური კორპუსი წლის შეჯამებასა და ახალი წლის დაგეგმვაზე კიდევ 2 დღე იმუშავებს, საახალწლო შესვენების შემდეგ კი, აქტიურ სამუშაო წელს უკვე საზღვრებს მიღმა შეუდგებიან, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე