ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოსთან სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება — გერმანია

საქართველოსთან სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება — გერმანია

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს, სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ინსტიტუციური თანამშრომლობა შეაჩერონ. ამავდროულად აცხადებს, რომ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება.
„აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება“, — აცხადებს გერმანიის განათლების სამინისტრო.
თავად BMBF-მა, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევის შედეგად შეაჩერა თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად, BMBF აცხადებს, რომ ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს.
„ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას. დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს“, — ნათქვამია BMBF-ის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.