საქართველოსგან ვითხოვთ, შეასრულოს სანქციები და შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვა — ელჩი

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში გარეტ უორდი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა უკრაინის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ევროკავშირის სანქციებთან შეერთებით.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში რელევანტურია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია. ჩვენ ვიცით რუსეთის უკანონო ქმედებები და მისი სამხედრო ძალები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის — როგორ შეუძლია საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ნათლად ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროკავშირის სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე და ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც საქართველოსთან მიმართებით მაქვს“, — განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს უკრაინაში ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში მიმდინარე კონფერენციის გახსნამდე.

მან არ ისაუბრა უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თქვა რა, რომ დღეს უკრაინაზე სურს კონცენტრირება.

„საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უკრაინის კონტექსტში ვითხოვთ, სრულად განახორციელონ სანქციები და შეამცირონ რუსული ნავთობის შესყიდვა. სწორედ ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის განცხადებების ფოკუსი. დღეს დიდი ბრიტანეთი გამოაცხადებს დამატებით ზომებს, რომლებიც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას შეეხება“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?