საქართველომ და თურქეთმა შესაძლოა, თაფლი ექსპორტზე ერთიანი ბრენდით გაიტანონ – ალეკო პაპავა

რადიო „კომერსანტის“ ეთერში დარგში არსებულ გამოწვევებზე მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა.ალეკო პაპავას ინფორმაციით, შეხვედრები უკვე ჩატარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. გარდა ამისა, მაისში დაგეგმილია შეხვედრა თურქულ მხარესთან, რომელსაც აქვს კონკრეტული წინადადება, რომ გაიღოს თურქული ბაზარი ქართველი მეფუტკრეებისთვის და ასევე, საერთო ბრენდით მოხდეს რეექსპორტი, ანუ მოხდეს ქართული და თურქეთის რეგიონში წარმოებული თაფლის შერევა და საერთო ბრენდით გაყიდვა.„რაღაც წინადადებები რისკებს შეიცავს, დასაზუსტებელია დეტალები და სამინისტროც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, რა თქმა უნდა, ქართული თაფლი არ უნდა ჩაიკარგოს. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშავდება პროექტი, რომელიც როგორც სკებით, ასევე, ინვენტარით დახმარებასაც გულისხმობს“, – აცხადებს ალეკო პაპავა.მისივე ინფორმაციით, ცივი გაზაფხულის მიუხედავად, ფუტკრის ოჯახები მაინც ვითარდებიან. ამასთან, ზარალი, რაც მოსალოდნელი იყო ახალი დაავადებიდან გამომდინარე, მეფუტკრეები პარაზიტს გაუმკლავდნენ.„სეზონს იმედიანად ვხვდებით. ახლა მთავარი საზრუნავი და საფიქრალი კარგი ამინდებია, რადგან დაბლობზე აკაცია უკვე მწვანე ყლორტებში არის შესული და აუცილებელია, მის ყვავილობას კარგი ამინდები დაემთხვეს.რაც შეეხება დარგის მიმართ სხვადასხვა ქვეყნის მიდგომებს, ევროკავშირი რომ ავიღოთ, იქ კონკრეტული თანხები იდება მეფუტკრეობის განვითარებისთვის, რადგან ფუტკარი აღიარებულია როგორც სტრატეგიული და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მწერი. საქართველოც ცდილობს, ფეხი აუწყოს ამ ყველაფერს, სამინისტრო აქტიურობს. უნდა მოხდეს საფუტკრეების გაფართოება, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რათა თუნდაც ექსპორტის ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და ქვეყანაში მეტი დოვლათი შეიქმნას. აქ არ არის საუბარი მხოლოდ თაფლზე, საუბარია მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებზე, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მაგალითად, რაც დრო გადის, ფუტკრის შხამზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება, მოთხოვნადია იგივე ფუტკრის რძე, ყვავის მტვერი, დინდგელი, მისგან დამზადებული პრეპარატები“, – აღნიშნავს ალეკო პაპავა.