საფრანგეთში, ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა – მასში 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა

საქართველოდან დევნილობის დროს საფრანგეთში ჩასული ეროვნული მთავრობის მიერ დაარსებული ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება აღნიშნეს საფრანგეთში ჩასულმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ლევილის მამული, რომელიც პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარეობს და 45 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, საქართველოს 2016 წელს გადაეცა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებით, ლევილის მამულში საჭირო სამუშაოებისთვის 5 მილიონი ევრო დამტკიცდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2017-2026 წლებში უნდა ჩატარებულიყო.

სამუშაოების დამკვეთი იყო საქართველოს კულტურის სამინისტრო:

  • სამინისტროს სახელით 4 445 764 ევროს ღირებულების ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ორ კომპანიასთან GOUNOT-სთან და PGD BATIMENT-სთან დადო;
  • მეორე ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 2 623 828 ევროა, ფრანგულ კომპანია SER Construction-სთან დაიდო.

წყარო