„ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თუ ჩავარდა, რუსეთში შიმშილის პრობლემა დადგება“ – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი აცხადებს.
შეგახსენებთ, მაშინ, როცა რუსეთში ფაქტობრივად ენერგორესურსების კრიზისია და ფრონტის ხაზზე მდგომარეობა გაყინულია, ნატომ უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხოდ, კრემლმაც გააძლიერა ბირთვული იარაღის შანტაჟი.
„ნავთობგადამუშავების 40%-მდე გაჩერებულია – დაზიანებული პორტების გამო ექსპორტიც შეუძლებელია“
„გაზეთ “ეკონომისტში” რუსი ოლიგარქის, მელნიჩენკოს, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს რუსების შიშს, რომ სახელმწიფო არ დაიშალოს. ნავთობგადამუშავების 40%-მდე გაჩერებულია. ფასების დაცემასთან ერთად, დაზიანებული პორტების გამო ექსპორტიც შეუძლებელია, ქვეყნის ცენტრალური ნაწილი კი საწვავის ქარხნების გარეშეა დარჩენილი.ურალს იქით არსებული სიმძლავრეების ლოჯისტიკა ძვირია და შუა რუსეთის მოსამარაგებლად არ კმარა. ამას ემატება სოფლის მეურნეობის შეფერხება, რაც შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე პუტინი დასავლეთს ისევ შანტაჟით პასუხობს, რაც მეტს დაგვბომბავთ, მით უფრო ხისტი იქნება ჩვენი პოლიტიკაო. თუმცა ნატოს ბოლო სამიტმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ძლიერდება – მარტო ევროპელები წელს და გაისად 70-70 მილიარდზე ლაპარაკობენ. უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო უფლება, ლიცენზიით აწარმოოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და “პატრიოტები”. აშშ-ის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ პარტნიორები უკრაინის გამარჯვებასა და მის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შეუძლებლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.
რუსეთის მთელი სამხრეთი რეგიონი მოშიშვლებულია. ფრონტიდან 125 კმ-ის რადიუსში იბომბება ყველა სამხედრო-ლოჯისტიკური გზა, რის გამოც კრემლი ჯარების გადასროლას ვერ ახერხებს. ომის დაწყებიდან მეხუთე წლისთავზე ეს რუსეთისთვის ყველაზე წარუმატებელი პერიოდია…
რუს ელიტას კარგად ესმის, რომ ატომური იარაღის გამოყენება მათვე გაანადგურებს. მელნიჩენკოს წერილი სწორედ იმ გავლენიანი წრის პოზიციას გამოხატავს, ვისაც სისტემის გარდაუვალი კრახის გამო ომის გაგრძელება არ სურს. ისინი დასავლეთთან ვაჭრობენ, რათა თავიდან აიცილონ სამი მთავარი შიში: რუსეთის დაშლა, დაჩოქება ან კოლონიად გადაქცევა.
ელიტა მეგობრობას არ ითხოვს, თუმცა სურს დასავლეთი მათ სუვერენიტეტსა და ინტერესებს შეეგუოს. ყირიმს პირდაპირ არ თმობენ, მაგრამ ვაჭრობენ. ასე იკვეთება ორი განსხვავებული ხაზი – პუტინი და ელიტა. ამ უკანასკნელისთვის ომი მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებით გამდიდრების წყაროა, ფრონტზე კი ჩვეულებრივი ხალხი კვდება – მაღალჩინოსანთა შვილებიდან იქ არავინაა. ატომური დარტყმით მილიარდერები და პუტინის გარემოცვა ყველაფერს დაკარგავენ, ამიტომ, ვიდრე ეს მოხდება, უმალ თავად პუტინს გაისტუმრებენ.
პუტინის განცხადებები ირაციონალური და რეალობას აცდენილია. ნატოს სამიტის წინ ბუნკერიდან ტყუილად გამოაცხადა ყველასთვის უცნობი კონსტანტინოვკის აღება. მისი თქმით, თითქოს წინ მიდიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა კოსმოსიდან ყველაფერი ხელისგულივით ჩანს, ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ზელენსკიმაც კი დასცინა პრესკონფერენციაზე – ტრამპის კითხვაზე, წავა თუ არა მოსკოვში, უპასუხა, იქ საშიშია, უკრაინული დრონები დაფრინავენო.
ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თუ ჩავარდა, რუსეთში შიმშილის პრობლემა დადგება. ჩემი აზრით, რუს ელიტას მალე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. გააგრძელეთ კითხვა…




