ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება.
პროცესზე, რომელიც 13:00 საათზეა დანიშნული, ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ - ეს იქნება გირაო, თუ პატიმრობა.
რაც შეეხება თავად ხაზარაძეს, როგორც ის აცხადებს, „რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შეაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია“.
„ეს კომისია არის ცირკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე... ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არალეგიტიმურია, კომისია დაკავებულია პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ჩვენი თანამებრძოლების დისკრედიტაციით“, - აცხადებს ხაზარაძე.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.