სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს.

შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას საქმე მოსამართლე ცეკვავას დაეწერა, სამი კი მოსამართლე კაპანაძეს. ყველას ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფას ედავებიან.

“ბიძინა” და სამი ასოს კომბინაცია – 26 ივლისს, ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია  და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. გუშინ, 27 ივლისს კი კიდევ ერთ დემონსტრანს დაადეს ხელბორკილები.

ამასთან, აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.