სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერის არჩევნებისას, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე სწორედ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სხდომას ბრალდებული ელენე ხოშტარია არ ესწრებოდა.
დღეს, ასევე, დაიკითხნენ ექსპერტები.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა მარიამ წულაიამ განუცხადა, ექსპერტმა დაადასტურა, რომ „ბანერი იმგვარი ქიმიური შემადგენლობით იყო დაზიანებული, რომ აღდგენას არ ექვემდებარება“.
მარიამ წულაიას თქმით, შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას გეგმავს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც მანამდე სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება