თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ამით მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განმარტებით, მენთეშაშვილის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რაც შეეხება ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილს, ის პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის იყო მშვიდობიანი აქციის მონაწილე და რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით ყოფნა უხაროდა. მან ასევე მიმართა მოსამართლეს:
„ბოდიში, თქვენ მაინც ამიხსენით, ამაში, რას ხედავთ ისეთ საშინელებას, რომ ბოროტმოქმედი ვყოფილვარ, თურმე”, – განაცხადა ზურა მენთეშაშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს