სარჯველაძე: მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ

მშობლებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ – თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვდება თუ არა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს.

მისი თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს.

სარჯველაძე ამბობს, რომ მშობლების ნაწილთან ბოლო პერიოდამდე აქვს შეხვედრების პრაქტიკა.

„თქვენ დასვით კითხვა, ვაპირებთ თუ არ შეხვედრებს მშობლებთან. ეს იციან, იმთავითვე იციან, ყოველთვის იცოდნენ და საკუთარი აზრის შეცვლის მიზეზი ჩვენ არასდროს მიგვიცია. ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ისინი მიიღებენ ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. რასაკვირველია, [შევხვდებით], არასდროს გვითქვამს უარი. თუ მათი სურვილი იქნება, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ყველას შევხვდე. არის მშობლების ნაწილი, რომელთანაც ბოლო პერიოდამდე მაქვს შეხვედრების პრაქტიკა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დაავადება არ არის ერთადერთი იშვიათ დაავადებებს შორის და სხვა უამრავი საჭიროებაა. პერიოდულად გვაქვს შეხვედრები და უკვე არის ჩანიშნული შეხვედრები რამდენიმე იშვიათ დაავადებასთან დაკავშირებით, სადაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს,” – განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის პროტოკოლი დამტკიცებული არ არის.

მისივე თქმით, ვიდრე არ გვეცოდინება, რომ ის წამლები, რომლებზეც საუბარია, უსაფრთხო და ეფექტიანია, პროტოკოლის დამტკიცებაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

„არსებობს კითხვები და ვიდრე კითხვებზე პასუხები არ გაეცემა, ბუნებრივია, პროტოკოლთან დაკავშირებით ეს პოზიცია იქნება ცალსახა და ცხადი. კითხვებს პასუხები გაეცემა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება პროტოკოლთან ან მის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა