საპატრიარქო – ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ – ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებს ღონისძიების ორგანიზატორებს, სინანულისაკენ და შეახსენებს, რომ “ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება”.
ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ, როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.
როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა.
მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად.
აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, განცხადებაში სავარაუდოდ, საუბარია რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლ “ლიბერტეზე” . სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში “სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართა. “ლიბერტეს“ ანონსში მითითებულია, რომ სპექტაკლზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან და ასევე, აკრძალულია გადაღება. თუმცა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან ერთწუთიანი მონაკვეთი გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად