სანდრო რაქვიაშვილი: …რადგან მხოლოდ ეს დაშვება ამართლებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას

„პროპაგანდის მორიგი შედევრი. 🎯
ტექნიკურად, სიმართლეა. მეტიც, ზოგადად ფრთოსანი რაკეტებისგან განსხვავებით ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ძალიან რთულია, მათი ფრენის ტრაექტორიის გამო (და არა რაიმე გენიალური ტექნოლოგიის, რომელიც ჯერ კიდევ გერმანელებმა მოიგონეს II მსოფლიო ომის ბოლოსკენ). მის ჩამოსაგდებად საჭიროა სპეციალური საჰაერო დაცვის სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, Patriot (ცალკეული რაკეტების ტიპს ისიც კი ვერ ჩამოაგდებს), რომლის მარაგები უკრაინას სულ დეფიციტში აქვს. ამიტომ იშვიათად, როცა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების დონე 20-30%-ს სცდებოდა. აგვისტოში კი 5%-ზე ქვემოთაა.
უკრაინა უკვე თავისი ბალისტიკური რაკეტების ტესტირებას იწყებს და მალე იგივე პრობლემა რუსებსაც ექნებათ. ასე რომ, ეს ამ ომის და არსებული ძალთა ბალანსის სამწუხარო ფაქტია.
თუმცა ამ ნიუსიდან კარგად ჩანს, თუ რომელ მხარეს არის პროპაგანდა და ქართული ოცნება.
დღევანდელი ღამე შეიძლება გაშუქებულიყო:
👉 ნეიტრალურად:
უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთის ტერიტორია მორიგ ჯერზე დაბომბეს. რუსეთმა იერიში ძირითადად კიევზე მიიტანა, სადაც მასშტაბური ხანძრები ფიქსირდება. უკრაინა კი რუსების ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკას უმიზნებს. განადგურებულია, მათ შორის Wildberries-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური ჰაბი.
👉 პოზიტიურად:
გრძელდება უკრაინის ჯარის კამპანია, რომლის მიზანი, რუსების ლოჯისტიკის განადგურებაა. რუსები ვერ იცავენ საკვანძო მნიშვნელობის ობიექტებს და ყოველდღიურად ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. საპასუხოდ, რუსები ისევ ქალაქებს ბომბავენ, და, სამწუხაროდ, საჰაერო დაცვის სისტემების ნაკლებობის გამო, ყველა რაკეტის თუ დრონის ჩამოგდება ვერ ხერხდება. დღესაც, კიევში მასშტაბური ხანძრები ფიქსირდება.
ორივე ნიუსი, ნეიტრალურიც და პოზიტიურიც, სიმართლე იქნებოდა.
თუმცა პროპაგანდის ამოცანაა, რომ ხალხში გააჯინოს რწმენა, რომ “რუსეთი მაინც იგებს ამ ომს”, რადგან მხოლოდ ეს დაშვება ამართლებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას.
ამიტომაც ასეთი სამარცხვინო ქარდი დაიდო დღეს. რომელიც, კი, ტექნიკური გაგებით, ტყუილი არაა, მაგრამ განცდას აჩენს, რომ უკრაინის ჯარი რაღაცაში დამარცხდა. ასეთი პატარ-პატარა ნიუსებით, სადაც სულ უკრაინას ემართება რაღაც, უკვე ის მცდარი სურათი უყალიბდება ადამიანს, რომელიც პროპაგანდისტებს სჭირდება.“
– სანდრო რაქვიაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ