“ისე გამოდის, რომ დღეს, სახელს ვიცვლით, ხოლო ჩვენი ოპონენტები იმას ამტკიცებენ, რომ ნაცებთან კოალიციას ვქმნით, და ამასთან ბიძინასთან შეხვედრაზე ყვირიან, გეგონება ამაში რამე ცუდი იყოს. ჰოდა, პირველზე ისედაც ბევრს ვილაპარაკებთ, მეორეზე არაფერი მაქს სათქმელი, იმდენად სისულელეა და მესამეზე მოგიყვებით, მითუმეტეს, რომ ბერმა მკითხა.
მთელი მუღამი ამ ისტორიის ისაა, რომ საეჭვოდ გამოიყურება სიმართლე. ტყუილის თქმა თუ მინდა, ბარემ თავიდანვე მოვიტყუები. მაგრამ თუ სიმართლეს ვლაპარაკობ, და ვამბობ, რომ არაფერზე შევთანხმებულვარ და არც რაიმე პოლიტიკური პოზიცია შემიცვლია, მაშინ, რავი, სამწუხაროდ, უშედეგო შეხვედრა იყო. გავიცანით ერთმანეთი და ეგაა. იმედია, კიდევ მექნება შესაძლებლობა შევხვდე, მეტი ვილაპარაკო და, როგორც მინიმუმ ერთ კითხვაზე მეტი დავსვა. თუკი რამეზე შევთანხმდებით, აუცილებლად გეტყვით, როგორც გითხარით, ყველა წარსულ ასეთ შეთანხმებაზე, მაგალითად, კვოტებზე. მაგრამ ზრდილობის წესებია, არ გამოაფინო შეხვედრიდან ის, რაც საქმეს არ ეხება. მეტიც, ვინც ასე იქცევა, მას მეტი არავინ არასდროს ხვდება, რადგან არავის სჭირდება საქმე დაიჭიროს ჭორიკანასთან, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამორბის და ყვება „იცი, ვისთან დავლიე გუშინ ყავა?!“. ამიტომ არც ახლა ვაპირებ ჭორიკნობას, არც მომავალში. ის კი ფაქტია, რომ ვიბნევი, ასეთ კითხვებს რომ სვამენ, თან ეჭვის თვალით. მაგრამ, რამენაირად, ამასაც ვისწავლი, გამოვსწორდები. 
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ლაივები, სადაც ხალხს ველაპარაკებით. ხუთშაბათს ლაივშიც ამაზე მკითხეს და იქაც ვუპასუხე და თუ გექნებათ კითხვები, სულ შეგიძლიათ გვკითხოთ. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც არ იტყუება ამ ქვეყანაში და ამიტომაა, რომ მთელი გარყვნილი პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გაშავებას ცდილობს, ხოლო ტყუილებზე მიჩვეული ამომრჩეველი ფარულ სიმპტომებს ეძებს.
ჰოდა, დიდი სიამოვნებით შევხვდები ბიძინა ივანიშვილს, ამის შანსი კიდევ რომ გამიჩნდეს. და არც მომავალში გამოვარდები იმის მოსაყოლად, ყავა დავლიე თუ ჩაი, სახლში შევხვდი თუ ოფისში, თუმცა ვეცდები, თუ ამას მაინც მკითხავენ, ბევრად უფრო დამაჯერებლად დავაუარო ჟურნალისტი, ხოლო თუ რამეზე შევუთანხმდები, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის.
p.s. ამ კვირაში, კიდევ ასე 4 ეთერი გვექნება და დარწმუნებული კიდევ გვკითხავენ, რა და როგორ” – წერს სოციალურ ქსელში “თავისუფალი ხალხის პარტიის” [ყოფილი “გირჩი”] ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილს შეხვდა.




