სანდრო ელოშვილი: და ჩვენი სახლებიდან თუკი არ ისმის ახლა გლოვა და ქვითინი, მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებით, თორემ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის…

რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი სანდრო ელოშვილი:
გუშინ… ერთ არასრულწლოვანს მეორე მოუკლავს და ასე გარდაიცვალა ორი მოზარდი, ერთი რომ მკვლელად იქცა და მეორე მოკლულად…
გუშინ… უცხოვრებლად გაქრა ორი ბავშვი, ისე რომ მხოლოდ დაიბადნენ…
გუშინ… მათ ოცნებებს, მათ მიზნებს, მათ ცხოვრებას სამუდამოდ დაერქვა გუშინ…
სადღაც აქვე, ჩვენთან ახლოს, ჩვენს გვერდით და ჩვენს თვალწინ, ჩვენს უყურადღებობასთან, ჩვენს გულგრილობასთან, ჩვენს დახუჭულ თვალებთან მოხდა ის რაც ყოველთვის მოხდება გუშინ, რათა ვერაფერი შევცვალოთ დღეს და უსუსურები დავრჩეთ ჩვენს ცრემლებთან და ტკივილთან…
დაჟინებით ითხოვდა ვიღაც, მკვლელის სახელი დაწერეთ, იცოდეს ყველამო… სახელიც ვიცით და გვარიც… კაენი და აბელი… მოდგმა ადამისა… მოდგმა ევასი… და ჩვენი სახლებიდან თუკი არ ისმის ახლა გლოვა და ქვითინი, მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებით, თორემ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის… ვისწავლეთ და ვასწავლეთ, ვნახეთ და ვანახეთ არ დანდობა… არ შენდობა… არ პატიება… გუშინდელს ვერ გავცდით, შვილების გასაგონადაც ასე ვთქვით – არ დავინდობ, არ დავივიწყებ, არ ვაპატიებ და… როგორც ერთ ლექსშია – სად არიან შვილები, შვილები არ არიან…
გუშინ… ერთმა ხვალინდელმა დღემ მეორე ხვალინდელი დღე მოკლა, ჩვენ კი იქვე ვიყავით და ვერ გავიგონეთ… ჩვენ ხომ დიდი ხანია ჩვენი შვილების აღარ გვესმის