გენერალ-ლეიტენანტი კვონ დევონისამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი კვონ დევონი აცხადებს, რომ გასულ კვირას დემილიტარიზებულ ზონაში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ნაღმმა გამოიწვია. მისი თქმით, თუ გამოძიება ფხენიანის პასუხისმგებლობას დაადასტურებს, სეული შესაბამის ზომებს მიიღებს.
დევონის თქმით, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვალისა და დაზიანებების მასშტაბის გათვალისწინებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეის ნაღმის აფეთქების შედეგია.
მისი თქმით, თუ საბოლოო გამოძიება დაადასტურებს, რომ აფეთქება ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მიერ დამონტაჟებულმა ნაღმებმა გამოიწვია, ეს სამხრეთ კორეელ სამხედროებზე თავდასხმად ჩაითვლება და პასუხისმგებლობა ფხენიანს დაეკისრება.
“ჩვენი სამხედროები სათანადო და შესაბამის ზომებს მიიღებენ.” – აღნიშნა მან.
შემთხვევის ადგილზე სამი ნაღმი აღმოაჩინეს, რომელთაგან ორი აფეთქდა. მესამე, აუფეთქებელი ნაღმი სამხედროებმა უკან დახევისას, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით იპოვეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სარდლობასთან ერთად მიმდინარე გამოძიების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ოპერატიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ იან ჯინჰიოკის განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ განიხილავენ ყველა შესაძლო პასუხს, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ ზომებს.
ინციდენტი 21 სექტემბერს, სადემარკაციო ხაზიდან დაახლოებით 10 მეტრში მოხდა. სამხრეთ კორეელი სამხედროები გაეროს სარდლობასთან ერთობლივი ინსპექტირებისთვის მარშრუტებს ასუფთავებდნენ. ოპერაციის მიზანი იყო იმის შემოწმება, ჩრდილოეთ კორეას ხომ არ ჰქონდა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული ნაღმები. სეულში ასეთი ეჭვი სასაზღვრო ზონის მახლობლად რელიეფის ცვლილებების აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა.
აფეთქების შედეგად ორი სამხედრო მძიმედ, ერთი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.