სამხრეთი კავკასია დღეს უფრო უსაფრთხოა, რადგან ტრამპმა, ალიევმა და ფაშინიანმა რიტორიკას შედეგები ამჯობინეს - უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სამშვიდობო მისიებში, სტივ უიტკოფი, აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის 8 აგვისტოს სამიტიდან ერთი წლის თავზე სტატიაში საუბრობს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის წარმატებაზე.
„როგორ აქცია ტრამპმა გაყინული კონფლიქტი მშვიდობის მოდელად“ - ასეთია 10 აგვისტოს გამოცემა Washington Examiner-ში უიტკოფის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის, მოსაზრების სვეტის სათაური.
„სამხრეთი კავკასია დღეს უფრო უსაფრთხო, აყვავებული და სტაბილურია, რადგან ტრამპმა, ალიევმა და ფაშინიანმა რიტორიკას შედეგები არჩიეს“, - წერს ის.
სტატიაში იგი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შემდეგნაირად ახასიათებს:
- ილჰამ ალიევზე: „ძლიერი და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ლიდერი, რომელიც მზად იყო მშვიდობისთვის აუცილებელი რთული არჩევანის გასაკეთებლად“, - თუმცა აქვე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც დაადანაშაულა იმაში, რომ მათ „დაუშვეს სომხეთ-აზერბაიჯანის „ურთიერთობების გაუარესება“;
- „პრეზიდენტმა ალიევმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ესმის როგორც თავისი ერის ინტერესები, ასევე რეგიონული სტაბილურობის უფრო ფართო მნიშვნელობა“, - წერს უიტკოფი.
- ნიკოლ ფაშინიანზე: „გაგვიმართლა, რომ სომხეთში აღმოვაჩინეთ პრაგმატული და მამაცი ლიდერი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახით - ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილებები თავდაპირველად არაპოპულარულად აღიქმებოდა“.მასში აღნიშნულია, რომ „ღრმა სიამაყეს იწვევს, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად მიაღწიეს და აშკარაა უდიდესი პრინციპულობა - დააშენონ იმ ფუნდამენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა ათწლეულების კონფლიქტს და სამხრეთი კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ გზაზე დააყენა“.
2026 წლის 5 აგვისტოს კი სტივ უიტკოფის უფროს მრჩეველს, არიე ლაიტსტოუნს, - TRIPP+ ფონდის ხელმძღვანელ კონსტანტინ სოკოლოვთან ერთად, - ერევანში უმასპინძლა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
- წყარო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.