მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის დღეს, პირველ ოქტომბერს, გიორგი რიკაძე დანაშაულის ჩასადენად ანასტასია ბერუაშვილის სახლიდან წავიდა.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერა მეგობართან, რა დროსაც ის მეგობარს ეუბნება, რომ „თავის თავზეც ეგონა, რომ დააკავებდნენ“, რაც აჩენს ეჭვს, რომ მან დანაშაულის ჩადენის შესახებ წინმსწრებადაც იცოდა.
„მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ის წერს თავის შეყვარებულს, გიორგი რიკაძეს, რომ ის ვიდეო თავის დროზე უნდა გაექრო. საუბარია იმ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ასახული იყო გიგა ავალიანზე თავდასხმა და რომელიც საკუთარი ხელით გადაიღეო გიორგი რიკაძემ თავდასხმის მომენტში.
აჩვენა კიდეც ფიზიკურად ვიდეო ჩანაწერი და გარდა ამისა მსჯელობდნენ და განიხილავდნენ. რიკაძე ეუბნებოდა მას, რომ ეს ვიდეო პოლიციაში მიიტანა იმიტომ, რომ იქნება ამ ვიდეომ შეუმსუბუქოს საშკას სამართლებრივი მდგომარეობა. რეალურად რიკაძემ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც მათი დევნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ამ ბრალდებულთა წინააღმდეგ. ანასტასია ბერუაშვილი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ამ საკითხში და ის ურჩევდა თავის შეყვარებულს, რომ უეჭველი თავის დროზე უნდა გაექრო ეს ვიდეო.
ჩვენ ვედავებით, რომ ანასტასია ბერუაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ფაქტის შემდგომ გაიგო, თუმცა ბრალში ოფიციალურად ასე გვიწერია და კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს შეუტყობინებლობაზე ბრალდებულმა წინასწარ იცის თუ შემდგომ გაიგებს, მაინც 376-ე მუხლის მეორე ნაწილია. არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მან წინმსწრებადაც იცოდა იმიტომ, რომ ანასტასია ბერუაშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ მას ერთ-ერთ მეგობართან აქვს მიმოწერა, ეს მიმოწერა საქმეში დევს, რა დროსაც ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, რომ თავის თავზეც ეგონა, რომ დააკავებდნენ იმიტომ, რომ დანაშაულის დღეს, პირველ ოქტომბერს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა იმ ამბის ჩასადენად.
ანასტასია ბერუაშვილის ჩვენება, სადაც ის აღიარებდა დანაშაულს, ორჯერ მივიღეთ. ეს იყო მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ორჯერ დაიკითხა ანასტასია ბერუაშვილი და ამის შემდეგ ველოდებოდით მობილური ექსპერტიზას და იქიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებას და დათვალიერების ოქმი თარიღდება ზუსტად დაკავების წინა დღის თარიღით, შესაბამისად ეს არის უახლესი მტკიცებულება“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის განცხადებით, როდესაც ანასტასია ბერუაშვილს ჰკითხეს, რატომ არ განაცხადა პოლიციაში დანაშაულის შესახებ, მან უპასუხა, რომ „ბიჭებმა იჩხუბეს და ეს მიაჩნდა, რომ იყო ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა და არ იცოდა, თუ ამას ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა შედეგად„
„რატომ არ განაცხადა პოლიციაში, ამასთან დაკავშირებით მისი პასუხი იყო, რომ ბიჭებმა იჩხუბეს და ეს მიაჩნდა, რომ იყო ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა და არ იცოდა, თუ ამას ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა შედეგად. ჩვენ იურისტები ცოტა კრიტიკულად ვუდგებით და ადამიანის სუბიექტურ განცხადებებზე არ ვართ მხოლოდ დამოკიდებული. როდესაც მსჯავრდებული ურეკავს და ეუბნება, რომ საშკამ დაარტყა მასწავლებელს და გაითიშა,უფონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ამ თავდასხმის შედეგად,უგონო მდგომარეობაში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არის ფაქტობრივად უმძიმეს მდგომარეობაში და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები აქვს. მე მესმის, რომ 17 წლის გოგონას არ ეცოდინებოდა, რა სანქცია იყო გათვალისწინებული, მაგრამ ადამიანს დაარტყეს, გაითიშა და კვდებოდა და აქ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, თუა რა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეცნობა.
არანაირი სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან არასრულწლოვანია, გამოირიცხოს მისი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მან რაიმე არ იცის [არ არსებობს]. ზოგადად მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი ასაკთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება 14 წლის ასაკიდან, თუ ის შეურაცხადი არ არის, გონებრივი და ფსიქიკური პრობლემები თუ არ აქვს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ჩვეულებრივი წესით. 17 წლის გოგო ჯერ პატარაა, არ იცის, ვერ გაიაზრა, დაუდევრობით მოუვიდა და არ წავიდა პოლიციაში, ეს მას პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს“, – განაცხადა პროკურორმა.




