სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატი გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.

უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც – დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში. როგორც დავით თარხან-მოურავმა უთხრა რადიო თავისუფლებას 16 იანვარს, ხატზე სტალინის გამოსახულება გადაიწერება და მის ნაცვლად სიმსივნისგან განკურნებული ქალი გამოისახება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეტალების გარკვევა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან სჯობს.

„მხოლოდ მამა იოვანეს ეცოდინება დეტალები. საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება და დაევალა სამების ტაძარს ამის სისრულეში მოყვანა. ამიტომ, რასაც მამა იოანე გეტყვით, იმით იხელმძღვანელეთ“ , – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის