სალომე სამადაშვილი: დეოლიგარქიზაციას “ქართული ოცნება” არ მოახდენს

არანაირი რეფორმა ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეფორმას, სავარაუდოდ, ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს – ესაა მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის შეყრა, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციას “ქართული ოცნება” არ მოახდენს.
“როცა ევროკავშირი გვეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია არის მოთხოვნა, ეს ნიშნავს იმ პოლიტიკური რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოლიგარქს არაფორმალურად აქვს მიტაცებული მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები. დეოლიგარქიზაცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ განხორციელდება, ეს არის შეუძლებელი და რამდენი საკანონმდებლო ცვლილებაც არ უნდა გატარდეს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას დემოკრატიული ევროპული კოალიციის მმართველობით, სადაც პარტიები შესაბამისად იქნებიან წარმოდგენილნი. ოლიგარქიულ ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არის წარმოდგენილი, შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. იქ, სადაც ინტერესი შეეხება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს და მის მმართველ პოლიტიკურ ძალას, “ქართული ოცნების” სახით, ცხადია, კანონი რეალურად არ ვრცელდება მათ საქმიანობაზე. ამიტომ ეს არის მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მოტყუება, თითქოს ოლიგარქიულ რეჟიმს რაიმე რეფორმის განხორციელება შეუძლია. არანაირი რეფორმა ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება, მათ შორის, არც საარჩევნო დაფინანსების რეფორმა. ამ ცვლილებასაც სავარაუდოდ ხელისუფლება ეცდება, გამოიყენოს ოპონენტების წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილმა ასევე ისაუბრა 9 პირობის შესრულების საკითხზე და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისგან” მათი შესრულების მოლოდინი არ აქვს. რაც შეეხება სტატუსს, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დადებით გადაწყვეტილებას საფრთხეს უნგრეთის პრემიერი უქმნის.
“12 მოთხოვნიდან ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა შეუსრულებელი დარჩა და არავის აქვს მოლოდინი, რომ 9 მოთხოვნა შესრულდება ამ ხელისუფლების პირობებში. 14 – ში დანიშნულ განხილვას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ დგება ერთადერთი ფაქტორიდან გამომდინარე. მას საფრთხეს უქმნის მხოლოდ და მხოლოდ ს და ს საერთო მოკავშირის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც იმუქრება, რომ დაბლოკავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას,”- განაცხადა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.