სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებას” კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების – თავს იტყუებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნიან დამატებითი ბერკეტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად

„ქართულ ოცნებას” კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების – თავს იტყუებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნიან დამატებითი ბერკეტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს არა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არამედ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით იღებს.
სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” იმ პოლიტიკური ძალების გაერთიანების ეშინია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ფრთის ქვეშ არ არის.
„ქართულ ოცნებას“ კოშმარივით ეშინია იმის, რომ გამსხვილდება ოპოზიცია. მათთვის ყველაზე კომფორტულია იარსებოს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისინი ამაზე დგანან უკვე მრავალი წელია და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ სხვა არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, რაც ტყუილია. რეალურად, რა თქმა უნდა, არსებობს, ყველაზე საინტერესო ალტერნატივა დღეს არის ის ოპოზიცია, რომელიც არ არის ‘ნაციონალური მოძრაობა“ და არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებული და აქ არის „ლელო“, რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ინდივიდუალური პარტიები თუ პოლიტიკოსები და ყველაზე უფრო, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას” ეშინია, რომ არ მოხდეს რაღაც ტიპის გაერთიანება არა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციის ფლანგზე. როგორც ამ პოლიტიკურ ძალას სჩვევია, მათ მიერ დაინიცირებულ არც საკონსტიტუციო ცვლილებებს და არც სხვა ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებთან, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ახლაც თავს იტყუებენ, რომ იქნებ ამ ცვლილებებით შეიქმნან დამატებითი ბერკეტები ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა ოქტომბერში მიიღო, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან. მანამდე არსებული ნორმით, ერთი პარტიის წევრის მეორე პარტიის სიაში შეყვანა დასაშვები იყო, თუკი ამ პოლიტიკოსის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა. ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა ზუსტად იმ სახელით უნდა მიიღოს, რომელიც პარტიის წესდებაში წერია ან ამ სახელის შემოკლებული ვერსიით. მანამდე მოქმედი ნორმით, წესდებაში მითითებულ სახელწოდებასთან ან მის შემოკლებულ დასახელებასთან ერთად პარტიას შეეძლო, საარჩევნო დასახელებაში არაუმეტეს სამი ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი მიეთითებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ