,, საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა და გნებავთ, პარტიის თავმჯდომარეობა, რატომ არის ის პრივილეგია, რომ ყველა საკითხზე ჭკუა ასწავლოს და დაარიგო ერი?” – გოჩა მირცხულავა

,, საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა და გნებავთ, პარტიის თავმჯდომარეობა, რატომ არის ის პრივილეგია, რომ ყველა საკითხზე ჭკუა ასწავლოს და დაარიგო ერი?” – გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ორი სიტყვა ირაკლი კობახიძის პოსტზე…
არსებობს საკითხები, სადაც უმჯობესია საკუთარი პოლიტიკური თუ პოლიტიკურ-მერკანტილური მოსაზრებები არ გაახმოვანო. არ გაახმოვანო მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპონენტი გძულს ან საკუთარი ერთგულება გსურს დაუმტკიცო “ვიღაცას”.
ერთი ის რომ – შობა კათოლიკური ან მართლმადიდებლური არ არსებობს;
მეორე ის რომ – ქრისტიანული სამყარო, მათ შორის 11 მართლმადიდებელი ეკლესია (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-ს, ამერიკის, უკრაინის) შობას 25 დეკემბერს (ახალი სტილით) ეგებება. 2021 წელს იერუსალიმის პატრიარქმა მრევლს უფლება დართო შობა 25 დეკემბერს (ახალი სტილით) იზეიმონ. ეს ეკლესიები და მათი მრევლი “უღმერთოები” არიან? “გამორჩეული ეკლესიები არ არსებობს. რწმენა სხვა განზომილებაა და მანდ ირაკლი კი არა ვერც ერთი სულიერი ვერ დაადგენს წესებსა და საზღვრებს.
ირაკლი კობახიძისთვის და ვითომ ქართული ეკლესიის მსგავსი გულშემატკივრებისთვის ქვემოთ მოვყვები იმას, რასაც წლიდან წლამდე ვიმეორებ:
ახალი სტილის კალენდარი ჩვენს ეკლესიაში ორჯერ, 1923-1925 და 1927-1928 წლებში მოქმედებდა. მაგრამ მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლა ვერ მოხერხდა. მისი მოქმედება დროებით (!) შეჩერებულია დღემდე. ცალკე საკითხია, რომ ეს “დროებით” ჩვენს საპატრიარქოში და სინოდის წევრების უმეტესობას არ ახსოვთ.
ნიშანდობლივია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის 1927 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ახალ სტილთან დაკავშირებით:
“ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოვუწოდებთ ჩვენს სამწყსოს და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისთვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადსა და ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის, ბასილის სიტყვებს: “მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისთვის. მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ”.
ახლა რა მაინტერესებს ხვდებით? საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა და გნებავთ, პარტიის თავმჯდომარეობა, რატომ არის ის პრივილეგია, რომ ყველა საკითხზე ჭკუა ასწავლოს და დაარიგო ერი?
და ყველაზე მთავარი – რატომ აქვთ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დროში იმის ამბიცია, რომ ხალხს უმტკიცონ საკუთარი გამორჩეული დამოკიდებულება ღმერთის, რწმენისა და “დედა ეკლესიის” მიმართ?”

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება