ორშაბათს, 2026 წლის 3 აგვისტოს, ფეისბუკიდან წაიშალა საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ გვერდი.
როგორც „მონიტორის“ ჟურნალისტის, მარიკა დუდუნიას გამოქვეყნებულ „სკრინზე“ ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ ედავება „საავტორო უფლებების დარღვევას“ – რასაც ჟურნალისტები გამორიცხავენ.
მესამე შემთხვევა ერთ თვეში
წინა კვირას, 25 ივლისს, გაითიშა „მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს;
- მათ ამ შემთხვევაშიც „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავებოდნენ, – რამდენიმე საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით, – თუმცა „მონიტორში“ ამბობენ, კონკრეტულად დასახელებულიც არ ყოფილა, თუ რას.
- მანამდე კი, 2026 წლის 1 ივლისს, – „ტრამპ ტაუერზე“ გამოძიების შემდეგ – „მონიტორმა“ განაცხადა, რომ მომხმარებლების ჯგუფმა დაიწყო ყველა იმ მასალის “დარეპორტება” youtube-სა და facebook/instagram-ზე, რომლებიც შეეხება არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს;
- „კოორდინირებული კიბერ-შეტევის შედეგად META-მ შეგვატყობინა, რომ მათი პლატფორმიდან წაიშალა “მონიტორის” რამდენიმე მასალა“, – წერდა მაშინ გამოცემა.
„ბრძოლის ახალი მეთოდია“
საგამოძიებო სტუდიის გამგეობის თავმჯდომარე და რედაქტორი ნინო ზურიაშვილი რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ფეისბუკგვერდი სწრაფად აღადგინონ, რაშიც საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებიან.

„ეს ბრძოლის ახალი მეთოდია… დარწმუნებული ვარ, გვერჩის ის ხალხი, ვისზეც ტარდება ჟურნალისტური გამოძიებები“, – გვითხრა მან 3 აგვისტოს.
- „მონიტორის“ ფეისბუკგვერდზე ბოლოს დაანონსებული ჟურნალისტური გამოძიება უკავშირდება „სკამერების“ საქმეს:
- „6000-ზე მეტი მსხვერპლი. 35 მილიონი დოლარი. 85 „სკამერი“ ერთ ქოლცენტრში. ეს ის თაღლითური სქემაა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით 2025 წელს გავშიფრეთ. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ტელეფონები არ გაჩერებულა. ისინი ისევ მუშაობენ და ჩვენ ვიცით სად“, – ასე დააანონსა 31 ივლისს „მონიტორმა“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მალე გამოქვეყნდება.




