საბა ბუაძე – გვჭირდება ევოლუციური ცვლილებები, ახალი პოლიტიკური თაობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ტოლფას შედეგს მოიტანს – ეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს

“ ჩვენი უახლესი პოლიტიკური წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, თუმცა მის შემდეგ, წინა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გადაუხვია „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებებს და დანაპირებს. საბოლოოდ, იმ მოცემულობამდე მივედით, რომ საზოგადოებაში წინა ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილება გაჩნდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქვეყანას ასეთი ევოლუციური ტიპის, დიდი გაბედული ცვლილებები სჭირდება, ამასთან, ახალი პოლიტიკური თაობა, რომელიც იმ ტოლფას ცვლილებებს მოიტანს, რაც თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა“.
„ვარდების რევოლუცია“ ჩვენი უახლესი პოლიტიკური წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ტრანსფორმაციის წინაპირობა. ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესი და ბევრი მიმართულებით ძალიან ხელშესახები ცვლილებები მოიტანა. თუმცა მე, როგორც წინა ხელისუფლების კრიტიკოსმა, შემიძლია გითხრათ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, წინა ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებებს და დანაპირებს მნიშვნელოვნად გადაუხვია. თავდაპირველად, ეს იყო ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება და საბოლოოდ, იმ მოცემულობამდე მივედით, რომ საზოგადოებაში წინა ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი უკმაყოფილება გაჩნდა – დღესაც, მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს, საკმაოდ მკვეთრია საზოგადოების რაღაც ნაწილში. თუმცა, მე შემიძლია მომავალზე გესაუბროთ. ჩვენ გვჭირდება ასეთი ევოლუციური ტიპის ძალიან დიდი გაბედული ცვლილებები, ახალი პოლიტიკური თაობა გვჭირდება, რომელიც, აი, იმ ტოლფას ცვლილებებს მოიტანს საქართველოში, რაც თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში შეიცვალოს. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, გვჭირდება მასშტაბური, ამბიციური და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. ეს ცვლილებები, ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ახლა უნდა ვფოკუსირდეთ, რომ ძალიან დიდი ცვლილება დაიწყოს ამ ქვეყანაში. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მენტალური ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს და ამ გზით განვითარების შეუქცევად გზას დავადგეთ“,- განაცხადა საბა ბუაძემ.
გარდა ამისა, საბა ბუაძემ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „პარტიულ საჭიროებებზე მორგებული“ ბიუჯეტია.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის პარტიულ საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი. კალაძის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შენარჩუნებაზე მომართული ბიუჯეტია. თავად იზრდიან ხელფასებს 10%-ით და სოციალურ სასადილოებში, სადაც 1.70-ია მეორე წელია ერთ ადამიანზე ერთი დღის ულუფის ხარჯი უცვლელი რჩება, მაშინ როდესაც სასურსათო პროდუქტებზე ინფლაცია და ფასების ზრდა ორნიშნაა. წარმოუდგენელი ცინიზმია ეს. პლუს კიდე, ამ ქალაქს ბევრი მასშტაბური პრობლემა აქვს, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. უპირველესად, ეს არის მწვანე სივრცეების საკითხი, მათი ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი იმიტომ, რომ დღეს კალაძისა და ივანიშვილის ხელით ნადგურდება ამ ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცეები. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ იპოდრომი, რომელიც ივანიშვილმა თავისი პირადი საკუთრებიდან გაყიდა, შემდეგ ეს იყიდა კალაძესთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფმა და იქ ახლა, დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობა. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.