საავადმყოფოს დირექტორი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, მირიამ ლაპუნიკოვამ განაცხადა.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ძალიან მძიმე“, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა და აღნიშნა, რომ ოპერაცია დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, რობერტ კალინიაკის თქმით, რომელიც პრესკონფერენციას ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორთან ერთად დაესწრო, ექიმები პრემიერ-მინისტრის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ და აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი ადგილზე დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.