"რუსი ხარ...შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე" | კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს
ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა. ეს უკვე მ-7 ოპოზიციონერია, რომელიც ოხანაშვილის "სანქციების" სამიზნე გახდა. მიზეზად მან რეგლამენტის დარღვევა და მიკროფონის გარეშე საუბარი დაასახელა.
დარბაზში ხმაური იყო - "რუსი ხარ...ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე" - ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს: „არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.