რუსეთში მოქალაქეები უვადო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ

რუსი წვევამდელების ოჯახის წევრებმა მანიფესტი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია რომ ისინი უვადო მობილიზაციას ეწინააღმდეგებიან.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური იტყობინება, რუსი წვევამდელების ოჯახის წევრები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

მიმართვა და პეტიცია ტელეგრამ-არხ „გზა სახლისკენ“ გამოქვეყნდა.

„ჩვენ გვახსოვს, როგორ დადო პრეზიდენტმა პირობა, რომ რეზერვისტებს არ გაიწვევდნენ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი მოხალისეები ასრულებენ. შემდეგ კი, ჩვენი საყვარელი ადამიანები წაიყვანეს ში. დაპირებები რეალურად ცრუ აღმოჩნდა. ბევრი არასდროს დაბრუნდება. მობილიზაცია საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი კანონმორჩილებისთვის. უმრავლესობისთვის სტაბილურობის შირმისთვის ჩვენი კაცები სისხლით იხდიან, ჩვენ კი – ჯანმრთელობით და ცრემლებით“, – აღნიშნულია მიმართვაში.

გარდა ამისა, მობილიზებული რუსების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აბსურდულია ყველაფერი, რაც ახლა ხდება.

„2024 წელი პრეზიდენტმა ოჯახის წლად გამოაცხადა. ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები მამების გარეშე იზრდებიან, ბევრი კი, ობლად დარჩა. სატანისტი, კაციჭამია კი, რომელმაც პირველი პატიმრობის შემდეგ რეციდივი ჩაიდინა, თავისუფლდება ნახევარ წელში მას შემდეგ, რაც სერიოზული მკვლელობები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე გამოისყიდა. ჩვენს პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს იუმორის გრძნობა!“, – ამბობენ ოჯახის წევრები.