„რუსეთო, დაგვეხმარე“ – დნესტრისპირეთის „დეპუტატები“ ყრილობას მართავენ

დნესტრისპირეთში, – მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელშიც რუსული „სამშვიდობო კონტინგენტია“ განთავსებული, – დღეს, 28 თებერვალს, ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატების ყრილობა იმართება, იტყობინება რუსული სახელისუფლებო მედია „რია ნოვოსტი“.
გამოცემის ცნობით, ყრილობის მონაწილეები რუსეთს, – „რომლის 220 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში“, – დახმარებისთვის მიმართავენ, მოლდოვის ცენტრალურ ხელისუფალზე ზეწოლის და დნესტრისპირეთზე დაწესებული „ეკონომიკური ბლოკადის“ მოხსნის თხოვნით.
„ეკონომიკურ ბლოკადაში“, რომლის შესახებაც ყრილობის წევრები და რუსული მედია ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, იგულისხმება მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დნესტრისპირეთში არსებულ კომპანიებს, სხვების მსგავსად, საბაჟო გადასახადი დაეკისრათ.
ეს გადასახადი ნეგატიურად აისახა დნესტრისპირეთის ეკონომიკაზე.
დნესტრისპირეთი, რომელსაც არც ერთი ლეგიტიმური სახელმწიფო არ აღიარებს, გარე სამყაროს მხოლოდ ორი გზით უკავშირდებოდა. ერთი გზა იყო უკრაინასთან სახმელეთო საზღვარი, რომელიც კიევმა ომის დაწყების შემდეგ ჩაკეტა. მეორე გზა კი მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია იყო. მიუხედავად ე.წ. „დამოუკიდებლობისა“, დნესტრისპირეთს აქტიური ეკონომიკური კავშირები აქვს დანარჩენ მოლდოვასთან.
ყრილობის დაწყებამდე საუბარი მიდიოდა იმის შესახებაც, რომ დნესტრისპირეთი, – რომელსაც 2006 წელს დაფიქსირებული აქვს რუსეთთან შეერთების სურვილი, – კრემლს სწორედ ამ თხოვნით მიმართავდა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია, წერს მოლდოვური გამოცემა Newsmaker.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული