საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარიმ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლები.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ 18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით.

განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაეროს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობის თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმება.

ქვეყნები მიესალმნენ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, „აფხაზეთის რესპუბლიკისა“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გაწვევის შესახებ. ამასთან, მოუწოდეს იმ სახელმწიფოებს, რომელთაც აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა, მიბაძონ ნაურუს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობითი პროვოკაციები, მილიტარიზაცია, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევები.

ასევე, გაიხსენეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელთაც არაერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლის, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე და სხვა.

დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება.

ერთობლივ განცხადებაში, ასევე ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის აუცილებლობა და მათთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის მნიშვნელობა.

განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების გაგრძელებას, ხოლო გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების მოწოდებით გამოდიან.

განცხადების მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ისინი ასევე მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და დაუშვას ორივე რეგიონში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

დასასრულს, ქვეყნები ხაზს უსვამენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე.

იხილეთ ერთობლივი განცხადება : https://webtv.un.org/en/asset/k12/k122fjqvbc“-აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.