რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარი სურს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად იმეორებს, რომ დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება სურს.
"ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, დაძაბონ საქართველოში სიტუაცია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში... არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი მაიდნის სცენარის განხორციელების მცდელობით ხელისუფლების ცვლილებაა, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით", - ამბობს გალუზინი.
ამასთან, გალუზინმა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზეც ისაუბრა. ოცნების წევრების მსგავსად, ისიც ამ ყველაფერს შიდა საქმეებში ჩარევად თვლის.
"ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობენ... ამასთან, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში", - განაცხადა გალუზინიმ.
აგენტების კანონის ხელმეორედ ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მაიდანის სცენარსა და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.