რუსეთის ოლქების გუბერნატორების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ტულისა და კალუგის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულისა და კალუგის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოლქების გუბერნატორები ავრცელებენ.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დიმიტრი მილაევის ცნობით, ხანძარი საწვავის ერთ-ერთ ავზს გაუჩნდა.
„დღეს ღამით ტულის ოლქს კიევის რეჟიმი თავს დაესხა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი ჩამოაგდო“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.
დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას კალუგის ოლქის გუბერნატორი, ვლადისლავ შაფშაც ავრცელებს.
„ქალაქ ლიუდინოვოში, დრონით თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“, - აცხადებს კალუგის ოლქის გუბერნატორი.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.