რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერატიული წვრთნები „ივლისის ქარიშხალი“ წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების, ბალტიისა და კასპიის ზღვების წყლებში 23-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ წვრთნების მიზანს არასტანდარტული ოპერაციებისთვის საზღვაო ძალების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს.
„წვრთნებში 150-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, 120 საფრენი აპარატი, 10 სანაპირო სარაკეტო სისტემა, 950 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.