“რუსების დაბომბილი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – გორში საპროტესტო აქცია იმართება

გორში, ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი. უკვე ერთი კვირაა ქალაქში საპროტესტო აქციები არ წყდება და მისი მონაწილეები გორის მთავარ მოედანზე ყოველდღიურად იკრიბებიან.
დღეს აქციის მონაწილეებთან წიგნის გამომცემლებიც ჩავიდნენ. ზვიად კვარაცხელიამ და გვანცა ჯობავამ გორში წიგნები და აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მიერ ციხეში გამოცემული გაზეთი – „საკანი 101“ ჩაიტანეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
ამავე მოთხოვნებით, უკვე 74-ე დღეა გრძელდება აქციები თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე.
მოქალაქეები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”