რუბიო უკრაინაზე მოსალაპარაკებლად ჯედაში გაემგზავრა, შემდეგ ის კანადაში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩადის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი სამშაბათს, 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციას უნდა შეხვდეს. ვაშინგტონსა და კიევს შორის ოფიციალური მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
მოსკოვის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას ცდილობს. შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რუსეთთან ამერიკის მსგავსი მოლაპარაკებიდან სამი კვირის შემდეგ გაიმართება.
ჯედაში რუბიო საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინცს მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდსაც ხვდება. ისინი რეგიონში საერთო ინტერესების დაწინაურებასა და ამერიკა-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაძლიერების გზებზე იმსჯელებენ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა.
საუდის არაბეთში დღეს, 10 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩადის. უფლისწულ სალმანს ის რიადში შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ზელენსკი შესაძლოა ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებას არ დაესწროს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუბიო საუდის არაბეთში გამგზავრებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას ესაუბრა. რუბიომ “ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა მხარემ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”.
უკრაინელი დიპლომატებისა და სამხედრო პირებისგან შემდგარ დელეგაციას ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი უხელმძღვანელებს. უკრაინელთა გუნდში იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰაც, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მეთაური პავლო პალისა.
შეერთებული შტატების დელეგაციაში სახელმწიფო მდივნისა და სხვა ოფიციალური პირების გარდა, ასევე იქნება მაიკ უოლცი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მიზანია სამშვიდობო შეთანხმების მიზნით სამუშაო ჩარჩოს ჩამოყალიბება და ცეცხლის პირველად შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.
საუდის არაბეთში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუბიო კანადისკენ გაემართება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იქ დიდი შვიდეულის საგარეო უწყებათა ლიდერებს შეხვდება. კანადაში დაგეგმილი შეხვედრები 12 მარტს იწყება 14 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა