როცა მთავრობაში ხარ, ეკლესიაში ვინ მოვა რა შენი საქმეა? – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციას ერთობლივი მესიჯის პრობლემა აქვს და არ ცდილობენ აჩვენონ ხალხს, რომ არ არიან “უღმერთოები და ურწმუნოები”, ოცნების წევრების შეფასებებს გამოეხმაურა.
მეუფე იაკობის თქმით, ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეში, არც სახელმწიფო ერევა, თუმცა “უბრალოდ უვიცობის გამო და რომ უნდათ… კიდევ კაი, კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ, ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებიანათ.”
ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი მისი ქადაგება ქათული ოცნების კრიტიკა არაა, “უბრალოდ ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთოთ იმიტომ, რომ ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ.”
ბოლოს მეუფე იაკობი ახალი პატრიარქის არჩევასაც შეეხო და თქვა, რომ დიდი ვარიანტია ისეთი კანდიდატი აირჩიონ, “ჩვენთან მისაღები იყოს და გარეთად მისაღები იყოს ყველასთვის”, ასევე დასძინა ისიც, რომ ეკლესიის გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს და ის გახდება პატრიარქი, ვისაც მხარს დაუჭერენ.
“დღეს რა ხდება, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა, ერთმა ქალბატონმა, რომ თქვა ის გამიკვირდა, მერე რომ აყვნენ, ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია.
შეიძლება როცა მთავრობაში ხარ აკრძალო რა არ შეიძლება ქუჩაში, ტროტუარზეც არ დამაყენო თუნდაც, ძალა თუ გაქვს გააკეთე, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა რა შენი საქმეა?
მე ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ ისინი ეკლესიურები არიან, მორწმუნენი ხო ჰყავთ იმათ, დაუძახონ და დაარიგონ, ვიღაც მრჩეველი ხო უნდა ჰყავდეთ, კაცო.
ჩვენ კიარ დავძაბუნებულვართ, ეკლესიაში ჩვენ ყველას დავიცავთ. მერე შეიძლება ნაციონალური მოძრაობის [მხარდაჭერა] დამაბრალონ, მაგრამ მე ქრისტიანულად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს, რა. ჩემზე ძალიან რომელი ებრძოდა? დღევანდელ იმაზე ვიძახი პარლამენტში ვინც არიან, ან როდის იყო ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და ეგენი იქ იყვნენ. ბოლო წლებშიც, რომ ავიღო რა? როდისმე ეკლესია გვერდზე გადავიდა? მაგრამ რაც თქვენი საქმე არ არის, ნუ აკეთებთ იმას და ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს.
უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა, მე ცოცხალი ვარ, სხვებიც, ამიტომ ერთად ვიაროთ წინ.
უნდა მოვიდნენ, უწმინდესის პერიოდში ბევრი მოვიდა, მთელი საქართველო იქ იყო შეკრებილი, რა კარგი იყო, არც პარტიული დაყოფა იყო, არც არაფერი. კი ცდილობდნენ ერთად არ დამდგარიყვნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ყველა მოდიოდა იმიტომ, რომ საოცარია.
დღეს თუ შერიგების შანსია და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხო უფრო გაძლიერდება, ღმერთთან ყველას ადგილია, შეიძლება პარლამენტში გქონდეთ 150 ადგილი, თორე ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილებია, ხოდა ერთმანეთს ნუ შევუშლით ხელს ცხონების გზაზე.
გვიყვარებოდეს ურთიერთარსს, ჩვენს გულებში და სულებში მშვიდობა იყოს. ახლა რასაც ვამბობ, სიყვარულით ვამბობ და მართლა კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს ამ მთავრობაში და ამ პარლამენტში, უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდე, მაგრამ ჩემი ქვეყნის მთავრობაა, ჩემი ქვეყნის პარლამენტია და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
მაგრამ ეკლესიურ რაღაცას როცა მოიფიქრებ, ქუჩის კანონები და სახელმწიფო კანონები თქვენ წერეთ, ჩვენსას ნუ ეხებით, საერთოდ ნუ შეეხებით ან მოდით და გვკითხეთ, დაგარიგებთ რომ ჭკვიანად მოიქცეთ და ლენინის დრო ხო არ არის, საბჭოთა კავშირის.
ძლიერად ვართ და არცერთი ადამიანის დაჩაგვრას, ვისაც ეკლესიაში მოსვლა უნდა, არავის არ დავანებებთ, თუ არა და სცადეთ და რამდენი ხანი ცდით, მაგასაც ნახავთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, არავინ არ ვნახო ეკლესიააში მოსული დააბრკოლოს, პირადად მივყვები ბოლომდე და ვერავინ ვერ უშველის, რა, ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც გარედან იმიტომ, რომ ღმერთს უნდა ჩვენი ერთობა, პატრიარქს უნდოდა ერთობა.” – ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებისას.
ცნობისთვის, 14 აპრილს, თინა ბოკუჩავამ უნგრეთში პეტერ მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციას შეიძლება ერთობლივი მესიჯის პრობლემა ჰქონდეს.
“ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია.” – თქვა ბოკუჩავამ.