რომის პაპი: თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის
თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფრანცისკემ დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე“, – განაცხადა რომის პაპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.