„ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა ტრავმა მოირჩინა, დღეს სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, 3 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასვლით მატჩში მონაწილეობის მიღებას აპირებს, გუნდში კი მისი მომავალი გაურკვეველი რჩება.
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, ალისონის წარმომადგენლები 26 მაისს იტალიაში ჩავლენ, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრას დაესწრებიან და ტურინულ კლუბთან მოლაპარაკებებს გამართავენ. თუმცა, პრობლემა შეიძლება ფეხბურთელის მაღალი ხელფასი გახდეს.
„ეს სიურპრიზი არ იქნება. ბრაზილიელი ზაფხულში „წითლებში“ გიორგი მამარდაშვილის მისვლას მიესალმა. ცხადია, მას ესმოდა, რომ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მისი მემკვიდრე კაომინ კელეჰერი ვერ გახდებოდა, რომელიც ამჟამად „ბრენტფორდშია“. საქმე იმაშია, რომ ალისონი კი რჩება უმაღლესი კლასის მეკარედ, მაგრამ ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო, ხშირად გუნდს ვერ ეხმარება. მაშინაც, როდესაც მოედანზე იყო, მუხლქვეშა კუნთის ქრონიკული ტრავმიდან გამომდინარე, ფეხით თამაში უჭირდა. არავინ ამტკიცებს, რომ მამარდაშვილი უკეთეს დონეზეა, რამეთუ ბეკერის მსგავსი მეკარე დიდი იშვიათობაა. თუმცა, ჩატარებულ 18 მატჩში ქართველმა დაამტკიცა, რომ მომავალ სეზონში ნომერი პირველი შეუძლია გახდეს. ალისონი, ალბათ, დარჩენილ შეხვედრებში ითამაშებს. უცნობია, რა მოხდება შემდეგ. ინტრიგა ცოცხალია“, – წერს Liverpool Echo.
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, არაა გამორიცხული „იუვემ“ მერსისაიდულ კლუბს ალისონის მიკელე დი გრეგორიოში გაცვლა შესთავაზოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, იტალიელი მამარდაშვილის დუბლიორობას დათანხმდეს.
სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ლივერპული“ ალისონთან და მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს გამართავს. This Is Anfield-ი აღნიშნავს, ძნელად წარმოსადგენია, ბრაზილიელმა გუნდში მეორე ნომრის სტატუსით დარჩენაზე თანხმობა განაცხადოს.
უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს Rousing The Kop-ი: „“ლივერპული“ სულ უფრო და უფრო უკმაყოფილოა „იუვენტუსით“, რომელსაც ალისონის ხელში ჩაგდება სურს და უკვე აცნობეს, რომ მას უფასოდ არ გაუშვებენ. „ლივერპული“ 13 მილიონ ფუნტს ითხოვს, ხოლო „იუვეს“ უნდა ფასი დააკლონ ან მეკარე საერთოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან. ინგლისური კლუბი გაღიზიანებულია“.