„რეალურად, აბასთუმანში პროექტებს კი არ ახორციელებს, ბიძინასთვის ახორციელებს სახელმწიფო იმიტომ, რომ …”

„რეალურად, აბასთუმანში პროექტებს კი არ ახორციელებს, ბიძინასთვის ახორციელებს სახელმწიფო იმიტომ, რომ გააუმჯობესოს გარემო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და აკეთებს ბიზნესს. ეს არ არის აღქმა და ეს არის ფაქტი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში გამოჩნდა, მხოლოდ პირველ 4 წელს, სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების 91% ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირებმა იყიდეს, აქედან 81% უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია და ბოლო 2 წელში, რაც დავთვალე, დაახლოებით 11 სახელმწიფო პრივატიზებული ქონებიდან 8 ისევ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს. აქედან გამომდინარე, რასაც ავრცელებენ დეპუტატები და მერი, არის მანიპულაცია” – ამბობს გამოცემასთან “სამხრეთის კარიბჭე” „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე და ეხმაურება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ელდარ კბილაშვილის პოსტს, რომელმაც დაწერა, რომ ივანიშვილის აბასთუმანში გამოჩენის შემდეგ, კურორტზე 24 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, საიდანაც ფონდი ქართუს დაფინანსებით 8 პროექტი გაკეთდა, დანარჩენზე კი დამკვეთი და დამფინანსებელი მითითებული არ არის. მის ამ პოსტს აზიარებენ საკრებულოს დეპუტატები და ადიგენის მერი. უჩიძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ტოვებს აღქმას, რომ ამ ყველაფერს ივანიშვილი აკეთებს, რეალურად კი მათი უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა