“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა -მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”

რა შეიძლება იყოს საკადრო ცვლილებების მიზეზები, ექნება თუ არა ამ პროცესს გაგრძელება და რისთვის ემზადება “ქართული ოცნება”, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.

“საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ“

– ირაკლი კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა -მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის მზად არის ნებისმიერი საკადრო ცვლილებისთვის ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად. პრობლემა ის არის, რომ ამერიკელები მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე საკადრო ცვლილებებია. თუ გადავხედავთ, რა პრინციპზე გადაიტვირთა შუა აზიის რესპუბლიკების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, დავინახავთ ერთ თვალში საცემ კანონზომიერებას: ეს ყველგან ანტირუსულ საფუძველზე მოხდა და ივანიშვილმა იცის, რომ საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ ის ახლა საკადრო ცვლილებებით ცდილობს ოპერატიული პაუზის შევსებას.

– მაშინ რას ნიშნავს შს მინისტრად დასანქცირებული სულხან თამაზაშვილის დანიშვნა?

– გლობალური დასავლეთი, რომელთან ურთიერთობაშიც ერთი ვექტორი უნდა გვქონოდა, წარსულს ჩაჰბარდა. ივანიშვილმა უნდა იზრუნოს ამერიკელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რომელთა როლი და შესაძლებლობები კავკასიაში ფუნდამენტურად განსხვავდება ევროპელებისგან. შეიძლება მუდმივად დაამშვიდო ევროპელებთან პოლიტიკური კინკლაობით, მაგრამ ამის უფლება ვაშინგტონთან არა გაქვს. შს მინისტრად თამაზაშვილის დანიშვნა სწორედ მდინარაძის მოხსნის საპირწონე ადმინისტრაციული სვლაა.

– თამაზაშვილი მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კი არა, ბრიტანეთის მიერაც არის სანქცირებული.

– ევროკავშირი და ბრიტანეთი კავკასიაში ერთად მოქმედებენ, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შუა აზიაში. მათ შორის სერიოზული სტრატეგიული განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. მეტიც, ევროპელებმა ბრიტანეთის პოლიტიკურ ნარატივებს აუბეს მხარი ამიერკავკასიაში და ახლა აქტიურად დებენ ფსონს თურქეთის როლის გაძლიერებაზე, ამერიკული პოლიტიკა კი ცდილობს ყოფილი საბჭოთა სივრცისგან საკუთარი პროტექტორატის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ევროპელებსა და ბრიტანელებს შედარებით მცირე წარმომადგენლობა ექნებათ. საუბარია რუსეთისგან დისტანცირებული ახალი პოსტსაბჭოთა სივრცის კონსტრუირებაზე. ამ პროცესში მოიაზრება შუა აზია და მთლიანად კავკასია. ეს იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ ერთიანად მისი წარმოდგენა არ მოხდება, ეტაპობრივად გაჟღერდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მკვეთრად ანტირუსული და ანტიჩინური აღქმა. მისი გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე და მის შემდეგ გახდება საჯარო. ამ კონტექსტში ივანიშვილს დროის შეზღუდული რესურსი აქვს. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები, მათ შორის მდინარაძის საკითხი, ფართო პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ.

ვრცლად