გია ხუხაშვილი – ივანიშვილის ამოცანაა, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, 2028 წლის არჩევნები “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს – მხოლოდ პარტიებთან კი არ აქვს პრობლემები, ირაკლი კობახიძეც პოლიტიკურ ეშაფოტზეა, მაგრამ მომენტს ვერ არჩევს

კობახიძის “დაჯგუფება” ხედავდა საფრთხეს, რომ რაღაც მომენტში ბიძინა ივანიშვილი მათ „ჩააჩოჩებდა“ და დაიწყეს ბიძინას ერთგვარი სტერილიზაცია, არავინ დაუტოვეს, ფაქტობრივად, მიწა დაწვეს მის ირგვლივ. მიზანი იყო მარტივი, რომ მათ გარდა ბიძინა ივანიშვილს სხვა მემკვიდრე არ დარჩენოდა. ბიძინამ ეს თამაში დაინახა და დაიწყო კონტრ-თამაში, რომელიც ამ ჯგუფის სტერილიზაციას ისახავს მიზნად , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გასაშვებად ყველაფერი მზად აქვს და ელოდება საგარეო ველზე ვითარების ჩამოყალიბებას, რომელიც ამ სივრცეში მის ვექტორსაც ჩამოაყალიბებს, ამის შემდეგ კი ის ისეთ პრემიერ-მინისტრს დანიშნავს, რომელიც მისთვის შესაბამის სიტუაციას მოერგება.

“უკვე სისტემური პროცესი მიმდინარეობს, ეს არ არის ერთეულოვანი გადაადგილებები, დიდი გადაჯგუფება ხდება. ბიძინა ივანიშვილმა მმართველობითი სისტემის საკადრო პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა, შეიძლება, ითქვას, მწარე გამოცდილებით გამოიმუშავა. ის მოძრაობს იქით, რომ პოლიტიკა საერთოდ გაიყვანოს აღმასრულებელი რგოლიდან და წმინდა ტექნიკური ხასიათის სისტემა ჩამოაყალიბოს. დაიღალა ამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობით გამომდინარე იქიდან, რომ მისი ამოცანა ამ ეტაპზე არის ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება, როდესაც არსებობს ერთი დომინანტური პარტია და მისი ფასადური ოპოზიცია. ეს არის რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიული მოდელი, რაც რეალურად ავტოკრატიაა, მაგრამ რუსები ამას სუვერენულ დემოკრატიას ეძახიან.

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური კომპონენტი საერთოდ გააქვს და თამაშში დარჩება მხოლოდ დომინანტური პარტია და ის პარტიები, რომლებიც თამაშის წესებს დათანხმდებიან, როდესაც არ ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია, ექნებათ თავიანთი პატარა ბოსტანი მოზომილი და იმ ბოსტნის ფარგლებში თავიანთი საკვები ექნებათ – ამით უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს იქნება ფასადური ოპოზიცია. ეს არ უნდა იყოს ის პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვთ და საერთოდ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ასეთი “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი პრობლემებისა და გაწევ-გამოწევის გარეშე. ეს არის მისი სტრატეგიული ხაზი.

პარალელურად, არის სხვა პრობლემები. გადალაგების პროცესში მხოლოდ პარტიებთან კი არ აქვს პრობლემები, “ქართული ოცნების” შიგნითაც რაღაც მოძრაობებია, იქაც დარჩენილი არიან ვითომ-ვითომ პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი ამბიციები აქვთ. ამ პროცესის ბენეფიციარი ყველა შემთხვევაში არის ბიძინა ივანიშვილი. კობახიძის “დაჯგუფება” ხედავდა საფრთხეს, რომ რაღაც მომენტში ბიძინა ივანიშვილი მათ ჩააჩოჩებდა და დაიწყეს ბიძინას ერთგვარი სტერილიზაცია, არავინ დაუტოვეს, ფაქტობრივად, მიწა დაწვეს მის ირგვლივ – ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც გააქციეს, ვიღაც სახლში გაუშვეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი მანევრის გარეშე დაეტოვებინათ. მიზანი იყო მარტივი, რომ მათ გარდა ბიძინა ივანიშვილს სხვა მემკვიდრე არ დარჩენოდა.

ბიძინამ ეს თამაში დაინახა და დაიწყო კონტრ-თამაში, რომელიც ამ ჯგუფის სტერილიზაციას ისახავს მიზნად. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ავიწროებდა წრეს და დღეს კობახიძე, ფაქტობრივად, მარტო დატოვა. კობახიძეს აღარავინ დარჩა, მდინარაძე იყო ბოლო ადამიანი მისი პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ძალაუფლებასთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რაღაც კავშირი ჰქონდა და ისიც სახელმწიფო დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშ დასვეს სახლში.

კობახიძე ახლა ჰაერშია და მას აღარავინ ექვემდებარება. ერთადერთი, ბრიფინგის ჩატარება შეუძლია და მორიგი ცვლილების გამოცხადება.

ირაკლი კობახიძე უკვე პოლიტიკურ ეშაფოტზეა აყვანილი. ბიძინას მისი სახლში გაშვებისთვის უკვე ყველაფერი შემზადებული აქვს. ივანიშვილის მიზანია, უპრობლემოდ აჰკიდოს კობახიძეს მთელი ცოდვები, მას უნდა დაჰბრალდეს ყველაფერი და ისე გაუშვას, მაგრამ ჯერ გაშვების მომენტს ვერ არჩევს იმიტომ, რომ გარდა ამ შიდა პროცესისა, ბიძინას საგარეო პროცესის პრობლემები აქვს. მან ახლა უნდა მიიღოს საბოლოო გენერალური გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის ქვეყანას აშენებს – აგრძელებს რუსეთის იმპერიისკენ სვლას თუ პუტინი იმდენად დასუსტდება, რომ ბიძინას მისი გადაგდება შეეძლება და დაიწყებს აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის მშენებლობას – ამ დილემის წინაშე დგას დღეს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, კობახიძის გაშვების შემდეგ პრემიერად ვიღაც ხომ უნდა დანიშნოს, ერთ შემთხვევაში უნდა დანიშნოს სხვა და მეორე შემთხვევაში უნდა დანიშნოს სულ სხვა. ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, სიტუაცია პროგნოზირებადი უნდა გახდეს, თუ რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში, საით მიდის იქ პროცესი, პუტინი სუსტდება თუ ინარჩუნებს ძალაუფლებას და ასევე ირან-ამერიკის კონტურებიც უნდა გამოიკვეთოს. ეს ფაქტორები რომ დაიწმინდება, ბიძინა გადაწყვეტს, მას დასავლური განათლების, ნაკლებად კომპრომეტირებული პრემიერი სჭირდება თუ პრემიერი, რომელიც “ტრაქტატი 2”-ზე უპრობლემოდ მოაწერს ხელს.

როდესაც ივანიშვილი ჩათლის, რომ საგარეო პოლიტიკური სიტუაცია უკვე პროგნოზირებადია და მას შეუძლია უკვე იმ სივრცეში რაღაც ვექტორი ჩამოაყალიბოს, ამ მომენტში აჰკიდებს მთელ ცოდვებს კობახიძეს და გაჰკრავს მის სკამს ფეხს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.