რას გადაწყვეტს სანიოლი მამარდაშვილსა და კვარაცხელიასთან დაკავშირებით? - ქართველების საოცარი შედეგი და პირველი გამარჯვების სურვილი!..
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ავსტრიული ეტაპიდან მონტენეგროში გადადის, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში, იქაური ნაკრების წინააღმდეგ, კვირას, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს.
"ჯვაროსნებს" ევრომდე მხოლოდ ეს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვთ. თავის მხრივ, მონტენეგროელები სექტემბრამდე და "ერთა ლიგამდე" დაისვენებენ.
ჩაკვეტაძემ მარტის შემდეგ ცოტა ითამაშა...
მხოლოდ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ბოლო ორ ამხანაგურში ქართველ ფეხბურთელებს საოცარი შედეგი აქვთ, 14 გოლი გაიტანეს
და ერთი შეხედვით, ეს რთულად დასაჯერებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები მონღოლეთი და ტაილანდი იყვნენ. ვნახეთ გიორგი მიქუატაძის პოკერი და ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც. ახლა მეტოქეც სხვა კალიბრიცაა და ჩვენც სხვა მიზნები გვაქვს, რაშიც საკმაოდ ხისტად მოთამაშე მონტონეგროელების "გაბრაზება" მაინცდამაინც არ შედის.
ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბეთ, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვინ რამდენ დროს მიიღებს და როტაცია რა დოზით გველის, რთული განსასაზაღვრია. რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, საბა კვირკველია ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მის ადგილას კი ოთარ კაკაბაძეს ველით ან გიორგი გველესიანის დებიუტს. აქედან გამომდინარე, მარჯვენა ფრთაზე გიორგი გოჩოლეიშვილის გამოჩენაცაა მოსალოდნელი; მარტიდან დღემდე საერთოდ არ ან ცოტა ითამაშეს ლევან შენგელიამა და გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაბამისად, მათ ტონუსში მოსვლა სჭირდებათ; გუნდს ბოლოს შეუერთდა გიორგი მიქაუტაძე და მას მეტი დასვენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს; ყველაზე დიდ ინტერესს მაინც გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ვილი სანიოლის გადაწყვეტილება იწვევს...
რას გადაწყვეტს სანიოლი შემადგენლობაზე?
მონტენეგროელებს რობერტ პრისინეჩკის მეთაურობით 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ. კარში კვლავ "მილოულელი" მატია სარკიჩი უნდა იყოს. სტეფან იოვეტიჩი 35 გოლით თავისი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია და "ათიანი" ქართველებთანაც ითამაშებს. სასტარტოში იქნება "ლეჩეს" ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელმაც გასულ სეზონში იტალიაში 7 გოლი გაიტანა. ვეტერან სტეფან მუგოსას ("ინჩეონი", 15 გოლი ნაკრებში) მეორე ტაიმში ვიხილავთ.
საქართველომ და მონტენეგრომ აქამდე სულ ორჯერ ითამაშეს - თბილისში უგოლო ფრეს (0:0) პოდგორიცაში მასპინძელთა მოგება (2:1) მოჰყვა, ასე რომ, ქართველებს მათთან პირველი გამარჯვება სურთ!..
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.