ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამზან კადიროვის შვილს გადაეცა ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენი, რომელიც კადიროვის სახელობისაა

რამზან კადიროვის 16 წლის შვილს, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „კადიროვის ორდენი“ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მაგალითისთვის „კადიროვის ორდენი“ მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს. ორდენოსნებს შორის არიან რუსეთში მცხოვრები და მომუშავე კარდიოქირურგი ლეო ბოკერია და მხატვარ-მოქანდაკე ზურაბ წერეთელი.
კადიროვის შვილმა ჯილდო მიიღო, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ პოსტს უმცროსი კადიროვი 2023 წლის 5 ნოემბრიდან იკავებს. მისი „დაწინაურება“ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ ჭორებს მოჰყვა.
ადამ კადიროვი ცნობილი იმ ვიდეოს გავრცელებით გახდა 2023 წლის სექტემბერში, სადაც გროზნოს იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებულ რუს პატიმარს, 19 წლის ნიკიტა ჟურაველს სცემს. ამ ქმედების გამო მამამისისგან დიდი შექება დაიმსახურა „უფროსებისგან ნასწავლი ღირსეულობისა და რელიგიის დაცვის“ გამო. რამზან კადიროვმა თავის მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის შვილზე თქვა, რომ ის არათუ დასჯას იმსახურებდა, არამედ უკეთესიც იქნებოდა, პატიმარს თუ მოკლავდა.
ადამ კადიროვმა პატიმარზე ძალადობის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთი საზოგადოებრივი და სასულიერო ხასიათის ჯილდო მიიღო. „კადიროვის ორდენი“, ჯილდო, რომელიც პაპამისის, ახმატის სახელობისაა, უკვე მეათეა. ის უკვე არის „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი“, ფლობს ჩეჩნური პარლამენტის ჯილდოს — „მამულის ღირსება“. ჩეჩნეთს გარდა ის დააჯილდოვეს რუსეთის, თათრეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის ჯილდოებით. ყველა ეს 9 ჯილდო უმცროსმა კადიროვმა 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე შუალედში მიიღო.
ადამი რამზან კადიროვის ფავორიტ შვილად მიიჩნევა. 8 წლიდან შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარია. არაერთი გამარჯვებაც აქვს მოპოვებული, თუმცა ეს გამარჯვებები დადგმულად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველთვის თავისზე უფროსი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, ზოგიერთ შეჯიბრში კი სინამდვილეში მონაწილეობა არ მიუღია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.