ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, უარს ამბობს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციაში რიგგარეშე კრება ჩატარდა.
14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.
1 აგვისტოს კი გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.