„არა რუსულ კანონს“ კლიპების გამო მარეგულირებელმა „მთავარი არხი“ დააჯარიმა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „აგენტების კანონის“ შესახებ ვიდეორგოლების ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო და „ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად“.
კომუნიკაციების კომისიის დადგენილი პრაქტიკით, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომაც გაიზიარა, აკრძალულია არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ამ წესის დარღვევისთვის ტელემაუწყებლებს სანქციებს უწესებენ.
კომისიამ "მთავარი არხის" ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი შეისწავლა:
· პირველი „ეს ქვეყანა შენიას“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლია, რომელშიც მოთხრობილია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე „რადიო მარნეულის“ გაკეთებულ საქმეზე. ვიდეორგოლი სრულდება სიტყვებით: „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა, რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია, რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოებში ყველა ნაწილს რუსული კანონის ამოქმედებით“.
· მეორე ვიდეორგოლი თავად „მთავარი არხის“ დამზადებულია. მასში ნაჩვენები იყო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებული კადრები, ფონად კი ისმოდა ნიაზ დიასამიძის სიმღერა („ნიავი ცივის“). ვიდეორგოლის ბოლოს ჩნდებოდა წარწერა: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
„თქვენს არხზე გასულ კლიპებში ნეგატიურად არის წარმოჩენილი მისი [„აგენტების კანონის“] ეფექტი... ამ კანონის სტიგმატიზება ხდება მისი რუსულ კანონად მოხსენიებით მაშინ, როცა მას ოფიციალურად ასე არ ჰქვია“, - უთხრა 14 აგვისტოს სხდომაზე კომისიის იურისტმა ირაკლი ბუთბაიამ „მთავარი არხის“ იურისტს, თამთა მურადაშვილს.
სწორედ სტიგმატიზებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები უარს ამბობენ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე.
მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურმაც. მასში განმარტებულია, რატომ მიიჩნია კომისიამ ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამად:
„ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას.
აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“.
„მთავარი არხი“ კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. არხს მიაჩნია, რომ მათ ეთერში გასული ვიდეოკლიპები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, იურისტს კი უკვირს, რატომ შეიძლება იყოს ამ კანონის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ხელშემშლელი, როცა მან თავად მიიღო ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
„საკუთარი აზრის გამოხატვა - ვემხრობი ევროპას და არ ვემხრობი რუსულ კანონს - რატომ არის ნეგატიური და რატომ არის რომელიმე პარტიისთვის ხელშემშლელი?!“ - უთხრა „მთავარი არხის“ იურისტმა კომუნიკაციის კომისიის წევრებს.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.