პუტინი 10 000 რუბლს დაჰპირდა კურსკის თითოეულ მაცხოვრებელს, რომელმაც ბრძოლის გამო საკუთარი სახლი დატოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებიც ბრძოლის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სახლები, თითოეულს 10 000 მანეთი გადაუხდიან. “ნასტოიაშჩეე ვრემიას“ თანახმად, ამის შესახებ მან კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან ვიდეოხიდის დროს განაცხადა. რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იქნება სხვა ზიანის შეფასება. „ეს ეხება ქონების და საცხოვრებლის დაკარგვას,"-აღნიშნა პუტინმა.
კურსკის რეგიონში ბრძოლები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ „გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა " კურსკის რაიონის სოფელ დარინოს მახლობლად.
მაგრამ, როგორც რუსეთის სამხედრო უწყებასთან დაახლოებული რესურის „რიბარი“ წერს, მიუხედავად რუსული არმიის მცდელობისა, შეაჩეროს წინსვლა, " კრიზისის მასშტაბი ფართოვდება." უკრაინელი სამხედროები სავარაუდოდ მარტინოვკაში შევიდნენ და კრუგლიკი აიღეს.
რუსი "სამხედრო კორესპონდენტების" თანახმად, კურსკის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს ოცდაათი კილომეტრის დაშორებით ქალაქ კურჩატოვიდან, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. კიდევ უფრო ახლოს თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მსხვილი რეგიონული ცენტრი ლგოვი, რომელშიც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
იმავე წყაროთა ცნობით, უკრაინელი სამხედროები აშენებენ საფორტიფიკაციოს ნაგებობებს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამყარეს კონტროლი.
ასევე, სამხედრო უწყებასთან დაახლოებული რუსული ტელეგრამის არხებით ვრცელდება ინფორმაცია აფრიკიდან, საბრძოლო გამოცდილების მქონე, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ჯგუფების გადასროლის შესახებ, ვინაიდან რეგულარულ რუსულ არმიას ჯერ არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნა მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან.
თავის მხრივ, უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ მოწინააღმდეგეს უკვე ჩაბარდა ორმოცდაათზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რომელთაგან ზოგიერთი წვევამდელია.
“ინსაიდერი” სხვადასხვა წყაროებზე, მათ შორის ადგილობრივებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 6 აგვისტოს, რუსეთის კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე შეჭრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა თერთმეტ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.
ძირითადად, საუბარია ძალიან მცირე დასახლებებზე, მაგრამ ჯამში უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ დაახლოებით 350 კვადრატულ კილომეტრს, რაც ზომით, ქალაქ ხარკოვის ტერიტორიის ტოლია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.