პრემიერი – ოპოზიციის განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა, ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება – აბსოლუტურად განადგურებულები არიან

ოპოზიციის ეს განცხადება, [რომ ს გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა] ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება, გასაგებია მათი მდგომარეობა და მესმის, როგორ მდგომარეობაში არიან. აბსოლუტურად განადგურებულები არიან, სასაცილოა რა თქმა უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს, ის არ უარყოფს, რომ ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იქნება ბიძინა ივანიშვილი ფაქტორი, თუმცა აცხადებს, რომ როგორც თავად ივანიშვილმა განმარტა, პოლიტიკაში დასაბრუნებლად მას უფრო დიადი ეროვნული მიზნები და მიზეზები ჰქონდა.
„ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, ბევრად უფრო დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. ბუნებრივია, ის კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს, უფრო მეტად სტაბილურს და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ამაზე თავად მოისმინეთ შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს, განადგურებულია, პრაქტიკულად. არ ისმის არც ერთი ნორმალური საღი კრიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მმართველ გუნდში კორუფციის რისკებზე საუბრობდა, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ასეთი პოტენციური რისკები მრავალგვარი შეიძლება იყოს და მრავალ სახელმწიფოში.
„ამ რისკებს სჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გამყარება სჭირდება, გუნდს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია სჭირდება და ამ როლს და არა მარტო ამ როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი. თავად განცხადებაში, თავის სიტყვაში მგონი ძალიან მკაფიოდ განმარტა მიზეზი, რის გამოც თვლის, რომ ეს რისკი, თეორიული რისკი, შესაძლოა არსებობდეს და ამას არავინ არ უარყოფს, როდესაც ადამიანს აღარ ჰყავს ოპონენტი… მან თქვა ადამიანურ ფაქტორებზე, ადამიანურ გარემოებებზე გააკეთა აქცენტი. ამ მიზნით თქვა, რომ საჭიროა მეტი კონსოლიდაცია, დაზღვევა ამ რისკების. ის კი არ თქვა, რომ დღეს რაღაც ხდება, არამედ შესაძლოა, რამე მომხდარიყოო, ან მოხდეს, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გამყარდეს სიტუაცია ქვეყანაში. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დამშვიდება, სტაბილურობა და მეტად უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი. ისე როგორც მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტი- მშვიდობის, სტაბილურობის და უკეთესი მომავლის, ამ როლს და მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ