პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი

საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი „დიპ სტეიტის“ გეგმაა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით, რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებდა.

საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.

სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიპ სტეიტის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი – სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ.

ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.