პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელისა და „ჰამასის“ შეთანხმებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმა ისრაელსა და ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მძევლების გათავისუფლების შესახებ. მძევლებს შორის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.
პრეზიდენტმა ბაიდენმა შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა კატარის და ეგვიპტის ლიდერებს და განაცხადა, რომ აფასებს ს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის გადაწყვეტილებას, შეთანხმების შესასრულებლად მხარი დაუჭიროს პაუზის გაგრძელებას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, მოუთმენლად ელის თითოეულ ამ ლიდერთან საუბარს და განაგრძობს მათთან მჭიდრო კონტაქტს, რათა შეთანხმების ყველა პირობა შესრულდეს.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება დაუღალავი ამერიკული დიპლომატიის შედეგიცაა და შეერთებული შტატების მთავრობა კვლავაც ყველაფერს გააკეთებს ყველა ამერიკელი მძევლის სახლში დასაბრუნებლად.
20 ოქტომბერს „ჰამასმა“ გაათავისუფლა პირველი ორი მძევალი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ჯუდიტ(იუდიტ) რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი ნატალი რაანანი.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.
თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის – ქალების და არასრულწლოვანების – გათავისუფლება.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.